ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებს შევხვდით.
შეხვედრაზე ყურადღება გავამახვილეთ ქვეყანაში განხორციელებულ მნიშვნელოვან საკანონმდებლო ცვლილებებზე.
ხაზი გავუსვით იმ გარემოებას, რომ ყველა მიღებული კანონი ემსახურება ქვეყანაში კანონის უზენაესობას, მშვიდობის შენარჩუნებას, პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტაბილურობას. აღვნიშნეთ, რომ ევროკავშირის მხრიდან კრიტიკული შეფასებები, იმის შესახებ, თითქოს და საქართველომ გადაუხვია ევროპული გზისკენ სვლას, არასწორია, რადგან, მიგვაჩნია, რომ სწორედ კანონის უზენაესობა არის ფუნდამენტი ქვეყნის წარმატებისა და დემოკრატიული განვითარების.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს, გავაცანით საქართველოს გეგმები ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.
შეხვედრაზე, ასევე, განვიხილეთ უმრავლესობის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში სამი ოპოზიციური პარტიის ანტიკონსტიტუციურად გამოცხადების შესახებ სარჩელის შეტანის საკითხი. დეტალურად ავუხსენით, რამდენად არგუმენტირებული და ფაქტებით გაჯერებული დასკვნა დაედო საფუძვლად საგამოძიებო კომისიის მხრიდან აღნიშნული საკონსტიტუციო სარჩელის მომზადებას.
ამასთან, შეხვედრაზე განვიხილეთ დღეს ქვეყანაში მიმდინარე ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის, აღვნიშნეთ, რომ 4 ოქტომბრის არჩევნებზე ქართული საზოგადოების უმრავლესობამ აირჩია დღევანდელი ხელისუფლება; ხაზი გავუსვით, რომ სწორედ არჩევნების დღეს, ე.წ. დამხობის სცენარზე ევროკავშირის მხრიდან ჯერ კიდევ არ გაკეთებულა არცერთი განცხადება და არ მომხდარა არანაირი რეაგირება. განვუმარტეთ, რომ დაკავებული ოპოზიციონერი ლიდერები არ არიან პოლიტ-პატიმრები, მათ დაარღვიეს კანონი, რომლის შესაბამისადაც, იხდიან სასჯელს; აღვნიშნეთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი კრიტიკული მედია საშუალებაა, რომელთაც არანაირი შეზღუდვა არ აქვთ თავიანთ პროფესიულ საქმიანობაში. ასევე, შევახსენეთ, რომ საქართველოში არ არის შეზღუდული გამოხატვის თავისუფლება, რაზეც დედაქალაქის მთავარ გამზირზე ყოველდღიურად გამართული აქციებიც მეტყველებს. თუ რაიმე არ მოდის კანონთან წინააღმდეგობაში, პოლიცია უმიზეზოდ არავის აკავებს.
სამწუხარო რეალობაა ის ფაქტი, რომ ევროკავშირის მხრიდან გვესმის მხოლოდ ცალმხრივი შეფასებები. დღემდე არავინ საუბრობს აქციის მონაწილეების მხრიდან ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებითა და პიროტექნიკის გამოყენებით დაშავებულ პოლიციელებზე, დაზიანებულ სტრატეგიულ შენობებსა თუ დედაქალაქის ინფრასტრუქტურაზე, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების ბულინგზე, ცილისწამებასა და სიძულვილის ენაზე, არა კრიტიკულად განწყობილი მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმისა და შეურაცხყოფის ფაქტებზე.
და ბოლოს, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ იმ ფაქტზე, რომ საქართველო მზად არის კონსტრუქციული, შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობისთვის ევროპის დემოკრატიულ ინსტიტუტებთან, რომლისთვისაც ღირებული და ფასეულია დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტის განმტკიცება და გაძლიერება, კანონის უზენაესობა, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლების დაცვა, ქვეყანაში რეალური დემოკრატიული პროცესების პატივისცემა და ხელშეწყობა.






